12-15 დეკემბერი 2019, ხულო - ხულოს მუნიციპალიტეტში, ENPARD-ის სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული 20 ბენეფიციარისთვის პრაქტიკული მარკეტინგის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა პრაქტიკული მარკეტინგის ინსტრუმენტების სწავლებას და გამოყენებას სხვადასხვა სახის ბიზნესის და საოჯახო სასტუმროს მფლობელთათვის. ტრენინგს გაუძღვნენ PMC კვლევითი ცენტრის მოწვეული ტრენერები მარიამ თაბაგარი და გიორგი ბერეჩიკიძე.
სატრენინგო პროცესი პრაქტიკული ელემენტებით იყო გაჯერებული. ბიზნესის და საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებმა, ცნობადობის და გაყიდვების გაზრდის მიზნით, შექმნეს თავიანთი საპროფილო გვერდები სხვადსხვა სოციალურ ქსელში. პრაქტიკული ტრენინგის ფარგლებში ტრენერებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: მიზნობრივი სეგმენტის განსაზღვრა და პოზიციონირება, კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის გასანზღვრა, Booking.com და Airbnb.com გვერდების შექმნა და მართვა, Google My Business გვერდის შექმნა და მართვა და სოციალურ ქსელებში ბიზნეს გვერდის შექმნა და მართვა. ტრენინგის მონაწილეები, მიღებული ცოდნის საფუძველზე გააგრძელებენ უკვე შექმნილი სოციალური და ბიზნეს გვერდების მართვას და გაუმჯობესებას, ცნობადობის ამაღლების და შემოსავლის გაზრდის მიზნით.
ტრენინგი ჩემთვის პრაქტიკული იყო. მისი დახმარებით შევქმენი ჩემი საოჯახო სასტუმროს გვერდი სოციალურ ქსელებში, Booking.com-ზე და Airbnb.com-ზე, რაც დამეხმარება მოვიზიდო უფრო მეტი სტუმარი და მივიღო შესაბამისად უფრო მეტი შემოსავალი’’ - განაცხადა საოჯახო სასტუმრო ‘’ქარავანის’’ მეპატრონემ, ეთერ მელაძემ.
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge