სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა, ასობით ექიმის ტრენინგი, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ათასობით საინფორმაციო მასალის გავრცელება. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ქართულ უწყებებს, ექიმებს და ზოგადად მოსახლეობას კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში დახმარებას უწევს. ამ ინტერვენციების საერთო ღირებულებამ აპრილის ბოლოსთვის 63.000 ევრო შეადგინა.
„ვირუსის გავრცელებისთანავე ჩვენ აუცილებელი საჭიროებების გამოვლენა დავიწყეთ და ამ საჭიროებების შესაბამისად მოვარგეთ ჩვენი პროექტები“ - განაცხადა იან ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა. საჭიროებების ნუსხა სწრაფად გაიზარდა და დაფარა შემდეგი საკითხები: საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, ექიმების და მასმედიის წარმომადგენლების ტრენინგი, ლაბორატორიებისთვის ახალი საინფორმაციო სისტემის შემუშავების საკითხში.
სოფლად მომუშავე ექიმების ონლაინ ტრენინგი
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მთავარ ღონისძიებად, ერთგვარ ლოჯისტიკურ გამოწვევად ქვეყნის 1274 ექიმისთვის დამტკიცებული სახელმწიფო სტანდარტის „კოვიდ 19 საეჭვო შემთხვევის მართვა პირველად ჯანდაცვის სისტემაში“ უკეთ გათავისება იქცა. ონლაინ ტრენინგის სესიებისთვის 15-20 მონაწილისგან შემდგარი 66 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
„ონლაინ ტრენინგის უზრუნველყოფა საკმაოდ რთული პროცესი იყო, ვინაიდან სოფლად მომუშავე ექიმები ტექნიკურ პრობლემებს განიცდიან. კერძოდ, ბევრ მათგანს არ აქვს კომპიუტერი, ინტერნეტთან წვდომა და საერთოდაც კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებიც არ გააჩნია. მათ უმრავლესობას მხოლოდ მობილურზე თუ დაუკავშირდები, ასე რომ ონლაინ სასწავლო პლატფორმის გამოყენება არ იყო ადვილი დავალება მათთვის“ - აცხადებს რუსუდან ჩხუბიანიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერი.
ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებს, პაციენტებთან კომუნიკაციის და დისტანციურ შერჩევის სისტემის და კონტროლის სისტემის ორგანიზების საკითხებს. მონაწილე ექიმების მეთვალყურეობა (სუპერვიზია), ექვსი კვირის განმავლობაში, მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
ახალი მონაცემების სისტემა
მეორე სახის ინტერვენციას ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნა წარმოადგენს, რომლის სარგებელი მთლიანად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სისტემა მოემსახურება პაციენტთა ტესტირების რეგისტრირების დაჩქარების პროცესს, ნიმუშების შეგროვების ლოჯისტიკურ საკითხებს და ტესტის შედეგების მეთვალყურეობას. მონაცემთა გაცვლის უზრუნველსაყოფად, სისტემა დაკავშირებული იქნება არსებულ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ლაბორატორის მართვად სისტემასთან. შესაბამისად, სისტემის გამოყენების საკითხებში ლაბორატორიების და სამედიცინო დაწესებულებების 100 თანამშრომელი იქნება დატრენინგებული.
ინფორმირებულობის გაზრდა და თერმო სკრინინგის კამპანიები ქ.ზუგდიდში
კოვიდ - 19 თან დაკავშირებული საჭიროებების საპასუხოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განვითარების ღონისძიებები შეცვალა. ღონისძიებების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება დაავადების საკითხში და დაცვის შესაბამისი გზების ახსნა მათთვის, ასევე ადგილობრივი უწყებების ხელშეწყობა თერმო სკრინინგის ძალისხმევაში.
საწყის ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროექტის გუნდმა 12 000 ფლაერი და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ შემუშავებული 4000 საინფორმაციო პოსტერი გაავრცელა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს თერმო სკრინინგის საკითხში დახმარებას უწევს.
„მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მთავრობასთან და ჩვენი ერთობლივი ქმედებებით ხელს ვუწყობთ ჩვენი ქვეყნის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. ჩვენ მზად ვართ, კვლავ განვაახლოთ ზუგდიდში სკრინინგის სერვისების მიწოდება, რაც თავისთავად გულისხმობს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას“- ამბობს თამარ კურტანიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერი.
სამედიცინო მასალები და აღჭურვილობა ხულოს სამედიცინო დაწესებულებისთვის
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდმა, ევროკავშირის პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს სამედიცინო დაწესებულებას სხვადასხვა აღჭურვილობა და სამედიცინო მასალა გადასცა. არსებული აღჭურვილობა მოიცავდა, სამედიცინო ნიღბებს, დამცავ ფარებს, სამედიცინო ხელთათმანებს, სამედიცინო ქუდებს, ბახილებს, სადიზინფექციო საშუალებებს და კარდიო მონიტორს. დაწესებულების 70 თანამშრომელი და 90-მდე ყოველდღიური ვიზიტორი ისარგებლებენ მიღებული დახმარებით, რომელიც აუცილებელია კოვიდ 19 შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.
„ამ ღონისძიების განხორციელება თავიდან გეგმაში არ იყო. ეს გახლავთ ENPARD პროექტის მყისიერი პასუხი ხულოს საავადმყოფოს საჭიროებებზე, რაც გააუმჯობესებს მის ოპერაციულ შესაძლებლობებს და დაიცავს თანამშრომლებს და ვიზიტორებს ამ ინფექციისგან“ - აცხადებს გიორგი მურვანიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი.
„ჩვენ, ზემოთხსენებულ ინტერვენციებს ვერ განვახორციელებდით, რომ არა თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი დონორებისა - ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო და ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD).“ - დასძინა იან ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა.