2020 წლის 28 ივლისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ENPARD ხულო პროექტის დაფინანსებითა და პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“-ის ხულოს ფილიალის მონაწილეობით, კურორტ გოდერძში მდებარე სასტუმრო „არსიანი“-ში გაიმართა 1-დღიანი საინფორმაციო ტრენინგი „სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურების უზრუნველყოფა“. ტრენინგს ხელმძღვანელობდა აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტის PR-სა და რეკლამირების მთავარი სპეციალისტი, ირაკლი ბარამიძე.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯ „ახალი ტალღა“ ხულოს ფილიალის ტურიზმის ფაკულტეტის 15-მა სტუდენტმა. ტრენინგის მთავარი თემები იყო ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის არსი, სასტუმროში მომუშავე დეპარტამენტები და სამსახურეობრივი იერარქია, სასტუმროების კლასიფიკაცია და კვების ტიპები. ტრენინგი იყო ინტერაქციული და დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით. მონაწილეები ადგილზე სასტუმროს მაგალითზე გაეცნენ სასტუმროს მოწყობის პრინციპებს, ოთახების განლაგებას, ოთახებში ავეჯის განლაგებას, სამზერეულოსა და სასადილოს განლაგებას. ტრენინგს ასევე დაესწრნენ კოლეჯი „ახალი ტალღა“-ის ლექტორები და დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი
ტრენინგი ჩატარდა პროექტ „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.